logo
ENG



ვაშაძე:გაყალბებები, მოსყიდვები და კანონდარღვევები აღარ გაუვა ოცნებას ამ არჩევენებზე

09 ივნ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

„გაყალბებები, მოსყიდვები და კანონდარღვევები აღარ გაუვა "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზე,“ - „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კელი დეგნანის და ირაკლი შოთაძის შეხვედრას აფასებს, სადაც ელჩმა სამართლიან არჩევნებში პროკურორის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველო, როგორც ძლიერი დემოკრატიული პარტნიორი სჭირდება, სწორედ ამიტომ 2020 წლის ოქტომბერში გასამართ არჩევნებში ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

„ერთი წლის წინ მე ვთქვი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჰიპერაქტიური იქნება დასავლეთი. მას სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო, როგორც პარტნიორი. ამიტომ ის გაყალბებები, მასობრივი მოსყიდვები და კანონდარღვევები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო აღარ გაუვა ქართულ ოცნებას. ამისთვის დამკვირვებლებიც იქნებიან, შესაბამისი მექანიზმებიც და მომზადებულია, როგორც ოპოზიცია, ასევე საერთაშორისო საზოგადოება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ამერიკისთვის საინტერესო პარტნიორია, ამიტომ ისინი ცდილობენ საქართველო გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში ცხოვრების წესი კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში.

„საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, საქართველო გაუთანაბრდეს იმ სტანდარტებს, რომელიც მიღებულია დემოკრატიულ სამყაროში. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საინტერესო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროპისთვის და ამერიკისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრების წესი პოლიტიკური, ეკონომიკური, და ნებისმიერი ისე გვექნება მოწყობილი, როგორც სტანდარტები და ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს“, - განაცხდა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში საქართველოს მთავარი პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. უწყების განმარტებით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და გიორგი რურუას საკითხი არ განიხილებოდა. თუმცა, შეხვედრა სწორედ მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საგამოძიებო სამსახურს დახმარებისთვის მიმართა და ძმები თორაძეების საქმეზე თამარ თორაძის დაკითხვა თხოვა. უწყებამ კელი დეგნანის კომენტარიც გაავრცელა, სადაც ელჩმა სამართლიან არჩევნებში პროკურორის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


close დახურვა